მედია პროგრამა მულტიმედია ტექნოლოგიების დასაუფლებლად ქართველი ჟურნალისტებისთვის

აპლიკაციის მიღების ვადა იწურება 2016 წლის 8 იანვარს. დააკლიკეთ აპლიკაციის შესავსებად.

ახალი მედია პროგრამა ქართველი ჟურნალისტებისთვის მომავალ წელს შეერთებულ შტატებში მულტიმედია უახლესი ტექნოლოგიების დაუფლების, ციფრული მედიის სფეროში ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას გთავაზობთ.

პროგრამისთვის შეირჩევა 18 ჟურნალისტი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 16-დღიან სასწავლო ტურში, რომელიც ამერიკის 4 ქალაქში მულტიმედია თრეინინგს, შეხვედრებს და იმ კომპანიების თუ ორგანიზაციების დათვალიერებას ითვალისწინებს, სადაც ისინი ციფრული მედიის უახლეს ტექნოლოგიებს და ამ სფეროში მუშაობის მეთოდებს გაეცნობიან. პროგრამა დაიწყება საორიენტაციო შეხვედრით, რომელიც ამერიკის დედაქალაქში, ვაშინგტონში (Washington, D.C.) გაიმართება და გადაინაცვლებს მსოფლიო მნიშვნელობის მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიულ ზონაში - სილიციუმის ველი - კალიფორნიაში, გაგრძელდება ოსტინში, ტეხასი და დასრულდება ნიუ-იორკში.

მონაწილეებისთვის ინგლისური ენის ცოდნა სასურველია, თუმცა ეს პროგრმაში მონაწილეობის პირობას არ წარმოადგენს. პროგრამა უზრუნველყოფს პროფესიონალურ თარგმანს ქართულენოვანი ჯგუფისთვის. სასწავლო ტურის დამთავრებისთანავე, მონაწილეები საქართველოში დაბრუნდებიან, თუმცა ისინი დარჩებიან ორთვიანი, ონლაინ "მეთვალყურეობის" ქვეშ – გამოცდილი, პროფესიონალი, ციფრულ მედიაში მომუშავე ამერიკელი ჟურნალისტები მათ დაეხმარებიან ახლადმიღებული ცოდნა ადგილზე, ქართულ ნიუსრუმში დანერგონ და საქმიანობისას გამოიყენონ. ე.წ. მენტორები ჟურნალისტებს მუშაობის პროცესში რჩევებს და მითითებებს მისცემენ კონტენტის მომზადების, აუდიტორიის ჩართულობის თუ ინოვაციური ბიზნეს-პროექტების მომზადების შესახებ.

პროგრამის მიზანია ქართველ ჟურნალისტებს გაუღრმავოს ცოდნა მულტიმედია წარმოების და აუდიტორიის ჩართულობის უახლესი ტენდენციების და მეთოდების შესახებ. პროგრამა მათ საშუალებას აძლევს გამოსცადონ ახალი ბიზნეს მოდელი. პროგრამის მონაწილეები ასევე გაეცნობიან მედია გარემოს შეერთებულ შტატებში, რაც მათ ახალი კონტაქტების და კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების სშუალებას მისცემს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ბეჭდვური მედიის, ასევე ტელე/რადიო და ონლაინ ჟურნალისტებს, რედაქტორებს და პროდიუსერებს. აპლიკანტი უნდა იყენებდეს მულტიმედიას პროფესიული საქმიანობისას და ამის დამადასტურებელი მასალები უნდა წარმოადგინოს. პროგრამა ასევე იწვევს ე.წ. ფრილანსერებს, რომლებიც შეძლებენ წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები.

პროგრამას აფინანსებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება.

პროგრამის დეტალები:

სამშაბათი, 14 ივნისი: მონაწილეები ჩამოდიან ვაშინგტონში (Washington, D.C.) ოთხშაბათი, 15 ივნისი - შაბათი, 18 ივნისი: მონაწილეები ესწრებიან საორიენტაციო შეხვედრას ვაშინგტონში (Washington, D.C.) შაბათი, 19 ივნისი - 22 ივნისი: მონაწილეები სან-ფრანცისკოში, კალიფორნია (San Francisco, CA) ოთხშაბათი, 22 ივნისი - 26 ივნისი, მონაწილეები ოსტინში, ტეხასი (Austin, TX) კვირა, 26 ივნისი - 29 ივნისი, მონაწილეები ნიუ-იორკ სითიში, ნიუ-იორკი (New York City, NY) ოთხშაბათი, 29 ივნისი, მონაწილეები ბრუნდებიან საქართველოში